M U N D O N O V E L A !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

M U N D O N O V E L A !

M U N D O N O V E L A!
 
HomePortalLatest imagesSearchRegisterLog in

 

 ქეთა ლორთქიფანიძე

Go down 
AuthorMessage
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

ქეთა ლორთქიფანიძე Empty
PostSubject: ქეთა ლორთქიფანიძე   ქეთა ლორთქიფანიძე Icon_minitimeMon Nov 05, 2012 5:33 am

ქეთა ლორთქიფანიძე 1364966 არ მინდა, ზედმეტი პათეტიკა გამომივიდეს, მაგრამ, ქეთა ლორთქიფანიძე, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, კარიერისთვისაც იცლის და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება – ერთი სიტყვით, ნამდვილი გმირი დედაა. ქეთას უსაყვარლესი შვილები ახლა არდადეგებზე სხვადასხვა ადგილებში არიან „გადანაწილებული“, თუმცა, უმცროსები დედასთან ერთად არიან და ერთ დასვენებას ეს დიდი ოჯახი ერთად გეგმავს.


ქეთა ლორთქიფანიძე: სულ რამდენიმე დღეა, რაც გადაღებები დავამთავრე. ჯერჯერობით თბილისში ვარ. ჩემი ქმრის და მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა ჰოლანდიიდან და ჩემი ოჯახის წევრები, მათზე ვართ დამოკიდებული – სადაც ისინი მოისურვებენ დასვენებას, ჩვენც იქ დავისვენებთ. ალბათ, მოვახერხებთ და ყველა ერთად წავალთ. მართალია, ამ დროს სრული ქაოსია, მაგრამ, მაინც სასიამოვნოა. აგვისტოს ბოლოს, ალბათ, ხუთივე შვილს ციხისძირში წავიყვან, ბათუმში და ასეთ დიდ ქალაქებში ამ ასაკში მათი წაყვანა უაზრობად მიმაჩნია.

– მართლა ძალიან დიდი საქმეა, დღეს რომ ხუთ შვილს გააჩენ და თან ასე აქტიურად ცხოვრობ.

– სულ ვამბობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. არც ქართულ რეალობაშია ეს უცხო, მით უმეტეს, ჩემ გარშემო, ჩემს სამეგობროში, ძალიან ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც სამზე მეტი შვილი ჰყავს, მხოლოდ ერთ შვილზე აღარ ჩერდებიან – ამ მხრივ ჩვენი მენტალიტეტი, დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა.

– შენც ხომ არ იქეცი ვინმეს მაგალითად?

– არ მგონია. არ ვარ ის ფიგურა, ვინმესთვის მაგალითი გავხდე (იცინის). ისე, მთლად ჩემნაირ შემთხვევას ვერ იხსენებენ, სამი მაინც ყველასთვის მაქსიმუმია. თუმცა, მაინც ყველასთან დავდივარ და ვამბობ: ხალხო, სადაც სამი, იქ – ხუთი, სამის შემდეგ განსხვავება აღარ არის-მეთქი, მოვლის თვალსაზრისით ვამბობ – ეს უკვე ერთი და იგივეა. ერთი რამ მინდა, ვთქვა: ჩემი შვილების სკოლაში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია, შვიდშვილიანი, თორმეტ, ცამეტშვილიანი ოჯახებიც კია. მრავალშვილიან მშობლებს რომ ჰკითხოთ, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: ასეთ ოჯახებში ყველას თავისი ადგილი, ფუნქცია აქვს, უფრო დამოუკიდებლები არიან და ქაოსი ნაკლებადაა. მიყოლებული ბავშვები თავიდან ძალიან რთული გასაზრდელები არიან, მაგრამ მერე ყველაფერი იოლდება. ჩემს სესილსა და თეოდორეს შორის მხოლოდ, ერთი წელია სხვაობა. თუ ერთ-ერთი სახლში არ არის, მეორე ძალიან მოწყენილია – ელოდება. ერთად მშვენივრად თამაშობენ, მეც ხელს არ მიშლიან, უფრო მხიარულად იზრდებიან, გაცილებით მეგობრულები არიან. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ბავშვი უფრო გამტანია. ძალიან რთულია, თავი გაიტანო ოთხ, შვიდ და ათ დედმამიშვილთან, დიდია კონკურენცია, რასაც ისინი ბავშვობიდანვე ეჩვევიან. ასეთ ბავშვებს გაცილებით უფრო უადვილდებათ გარე სამყაროსთან შეგუება და პრობლემებთან გამკლავება, ვიდრე დედისერთა ბავშვებს.

– შენთვის არ არის რთული ამდენი შვილის გაზრდა?

– რა თქმა უნდა, ეს უდიდესი შრომაა. ერთი ძალიან ბედნიერი მომენტი მაქვს, ღამეს არ ვათენებ – ამ მხრივ ყველა შვილი უზომოდ კეთილი იყო ჩემ მიმართ და ღამეები არ მათენებინეს. ბევრისგან მსმენია, შენ ღამე არ გაგითენებია და იმიტომ ლაპარაკობ ასე, არ იცი, რას ნიშნავს თვეობით უძილობაო. შეიძლება, არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, რომ ამასაც გავუძლებდი, მაგრამ, არ მგონია, ეს ყოფილიყო დაბრკოლება.

– ხუთი ორსულობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა როგორ მოახერხე?

– ხუთი ორსულობის შემდეგ ერთ რამეს მივხვდი – ძალიან მიხდება ორსულობის შემდგომი პერიოდი, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. ბოლო სამი ორსულობა მივაყოლე. ზუსტად ამას წინათ ვამბობდი, „შუა ქალაქში” მუშაობის პერიოდში ყველა სერიაში ორსულად ვარ-მეთქი. მუშაობა რომ დავიწყე, ექვსი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ბავშვი პირველ ნოემბერს გავაჩინე და შვიდში „იმედი” დაიხურა. გაზაფხულზე რომ გამოვედით და მუშაობა დავიწყეთ, ისევ ფეხმძიმედ ვიყავი. სულ ასე აეწყო.

– ეს პრობლემა არ იყო?

– რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემა ყოფილიყო ჩემი კარიერისთვის და სულ ვამბობ ამას – უდიდეს მადლობას ვუხდი „ღამის შოუს” სტუდიას გვერდში დგომისთვის. როდესაც იმ უსაშინლესი ქასთინგის მერე იმ ცხრა ადამიანში აღმოვჩნდი, რომლებიც სერიალში დაამტკიცეს, ძალიან რთული იყო ჩემთვის იმის გამხელა რომ ორსულად ვიყავი. ტრაგედია იყო ის დღე ჩემთვის, მართლა ოცდაათი სიცოცხლე გავათავე, სანამ დათო გოგიჩაიშვილთან შევიდოდი და ვეტყოდი – ბატონო დავით, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი. ნამდვილად არ ვიცოდი, რა პასუხს მივიღებდი მისგან, შესაძლოა, უარიც ეთქვა. დათოს კარგი ადამიანობის გამო და იმის გამოც, რომ სწორედ იმ პერიოდში მისი ცოლიც ფეხმძიმობის იმავე პერიოდში იმყოფებოდა, საუბარი პირდაპირ ამ თემით გაგრძელდა: ჩემი ცოლიც ფეხმძიმედაა და წელი გტკივა ხოლმეო? – ეს რომ მკითხა უკვე მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო და ჩვენი დიალოგიც ამ თემით ამოიწურა. უბედნიერესი გამოვედი იქიდან, ფეხს არ ვდგამდი მიწაზე.

– ფორმაში ჩადგომაზე ვსაუბრობდით.

– ყველაზე მეტად ფორმაში ჩადგომა ბოლო ორსულობის შემდეგ გამიჭირდა, რადგან, ძალიან რთული პერიოდი მქონდა – თითქმის მთელი ფეხმძიმობის პერიოდი ვიწექი. ამიტომ პასიური და ცოტა დეპრესიულიც კი გავხდი. უფრო სწორად დეპრესიული იმის გამო კი არ ვიყავი, რომ სახლში ყოფნა მიწევდა, პირიქით, მსიამოვნებდა სახლში, ჩემი შვილების გარემოცვაში ყოფნა. მათ ყველა ახალ ნიუანსს შენ პირველი რომ ხედავ და იგებ და ძიძა არ გიყვება – ეს უდიდესი ბედნიერებაა. ამას მართლა ვერაფერი შეედრება, ვერანაირი პრემიერა, ვერანაირი ფილმი და სერიალი ამას ვერ შეცვლის. მაგრამ, მეორე მომენტიცაა – სულ ასე ყოფნა წარმოუდგენელია. თან, ჩემი უფროსი შვილები ამას ძალიან განიცდიდნენ.

– რამხელები არიან უფროსები?

– თომა 14 წლისაა, ნინო 10-ის ხდება, სულ პატარა კი ჯერ ხუთი თვის არ არის. მივხვდი, მათთვის აუცილებელია, რომ დედა იყოს ისეთი, როგორიც მათ გაიცნეს, აღიქვეს და შეიყვარეს.

– ერთ ფილმში შონ კონერზე ამბობენ, 60 წლისაა და მაინც საყვარლების როლები აქვს, მე კი 40 წლის ქალი ვარ და უკვე ბებიას ვთამაშობო. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი შვილის დედა ხარ, სულ გაუთხოვარ, მოფლირტავე, „მოთინეიჯერო” ტიპაჟებს თამაშობ. არადა, თითქოს ამ მხრივ მამაკაცებს უფრო უმართლებთ.

– (იცინის) ერთ ამბავს მოგიყვებით: უკვე ორი შვილის დედა ვიყავი, პრემიერას ვთამაშობ თეატრში, მთელ ამბებში ვარ. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი და ქუთაისის თეატრში ვთამაშობდი. ახალ ნაქირავებ ბინაში ვიყავი, სადაც გაზის მრიცხველი უნდა დაეყენებინათ. მოვიდა ხელოსანი, კარს ვუღებ და მეუბნება: ბიძია, სად არიან მშობლები, დაუძახეო. ძალიან აგრესიულად შემოვიდა, თუ არ არიან, ტყუილად რად მომიყვანეთო. იმდენი ხანი ვუმტკიცებდი იმ კაცს, რომ დიდი ადამიანი ვარ და სკოლაში არ ვსწავლობ, არ იცი. საშინლად გავბრაზდი. ერთი პერიოდი სერიოზულად მქონდა იმის პრობლემა, რომ ვიღაცას ზრდასრულ ადამიანად აღვექვი. ბანკში მქონდა საქმე თუ სადღაც სხვაგან, სულ „გოგონასა და „შვილოს“ მეძახდნენ. მეცხრე-მეათეკლასელის იმიჯიდან, რომ ვერ გამოვდიოდი – ეს ძალიან მაწუხებდა. თუმცა, ახლა ვერ ვიტყვი, რომ ეს არ მსიამოვნებს. ყველა ქალს უხარია, რომ პატარა შეხედულება აქვს.

– დროს როგორ ანაწილებ? აი, ახლა ჩემთან რომ ზიხარ და მესაუბრები, ამის დრო როგორ გამოძებნე?

– არ ვიცი, რაღაცნაირად ვანაწილებ. მეხმარებიან კიდეც – პატარებთან დედაა, თან, სულ ვამბობ: რაც უფრო ცოტა საქმე მაქვს, მით უფრო არ მაქვს დრო და ყველგან მეჩქარება. როცა პირიქით არის, მაშინ უფრო ვანაწილებ დროს, უფრო მობილიზებული ვარ. ძალიან მეხმარებიან მეუღლეც, დედაც, მამაც.

– ვიცი, რომ უფროსებს და უმცროსებს სხვადასხვა მამა ჰყავთ. ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

– არაჩვეულებრივი. ამის პრობლემა ოჯახში საერთოდ არ გვაქვს. ეჭვიანობის მომენტები ნაკლებად აქვთ. უფროსები უკვე იმხელები არიან, რომ, პირიქით, მზრუნველობითი დამოკიდებულება გაუჩნდათ პატარების მიმართ. უფროს ბიჭს ისე გაუხარდა, სამი დის შემდეგ ბიჭი რომ გაჩნდა, უბედნიერესი იყო. სულ მეკითხებოდა „დედა, ხომ ნამდვილად ბიჭია?!“ რაც შეეხება პატარებს, მესამეს მეოთხეზე ოდნავი ეჭვიანობა ჰქონდა, მაგრამ, აი, მეხუთე რომ გაჩნდა, უკვე გადაუარა ეჭვიანობამ. აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სრულიად სხვადასხვა პიროვნებები არიან თავიანთი ხასიათით. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ. თუმცა, ამ ყველაფრისგან პრობლემას არ ვქმნით, ბუნებრივად მიმდინარეობს პროცესები.

– მეუღლესთვის არ არის ძნელი ხუთი შვილის გარემოში ცხოვრება?

– ძალიან კარგი მამაა, იშვიათად კარგი. ჩემს სამეგობროში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ზაზა იდეალური მამა და მეუღლეა. შემიძლია, ყველა ბავშვი ვანდო, ჩავაბარო და თამამად წავიდე სხვა ქვეყანაში, სრულიად მშვიდად ვიქნები. ხშირად არ ვარ სახლში, ხანდახან დილით ადრე გავდივარ და გვიან ღამით ვბრუნდები და ზაზაა ბავშვებთან. ის ჩემზე გაცილებით წესრიგის მოყვარულია. მაგალითად, მე, შემიძლია, გადავაცილო და ბავშვები გვიან დავაძინო, თუკი მათ ასე სურთ, მაგრამ თუ ზაზა სახლშია, ეს წარმოუდგენელია. გვიწევს წესრიგის შეგუება, მათ შორის – მეც (იცინის).

– კიდევ ფიქრობთ შვილზე?

– სამწუხაროდ ვეღარ, თუმცა, ვაღიარებ, მართლა მინდოდა კიდევ შვილი – შვიდ შვილზე ვოცნებობდი. მაგრამ, სამი საკეისროს შემდეგ შვილის გაჩენა აღარ შეიძლება. თავსაც უნდა გავუფრთხილდე – შვილებს გაზრდა უნდათ. ორწლიანი შუალედები მაინც იყო საჭირო, მაგრამ, მართლა ვერ მივხვდი, რომ რაღაც რისკზე მივდიოდი. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ამაში დავრწმუნდი. ბოლო ფეხმძიმობაზე ისე შემაშინეს და, შიშის მიზეზებიც მქონდა, საშინლად დავიძაბე. მაგრამ, არსებობს ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, ექიმი მამუკა ნემსაძე, რომელმაც ისეთი შემართებით გამომიშვა რვა თვის ფეხმძიმე, რომ, მივხვდი, საშიში აღარაფერი იყო.

– ბავშვებთან როგორი ხარ?

– გააჩნია, რომელთან და რა დროს. ზოგჯერ მკაცრი ვარ, ზოგჯერ – მეგობრული. არ მომწონს ხოლმე, როდესაც ამბობენ, ჩემი შვილის მეგობარი ვარ, ჩვენ მეგობრები ვართო... რატომ? მე დედა ვარ და ეს ყველაფერს მოიცავს – მეგობარ ადამიანსაც, მზრუნველსაც, მკაცრსაც, ავსაც, ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება გიფრთხილდება და გიცავს. გააჩნია სიტუაციას და იმ სიტუაციის ადეკვატური ვარ. ერთი მინუსი მაქვს: როდესაც საშინლად ვიღლები, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ვგრძნობ, რომ მხოლოდ დაწოლა თუ მიშველის და იმის თავიც არ მაქვს, დავიძინო, აი, მაშინ ვხდები ავი. ამ დროს საკუთარი თავი მეზიზღება. სხვა შემთხვევებში არ ვწუწუნებ, ყველაფრის დრო მრჩება, დავდივარ ყველგან, სადაც მინდა, ასე თუ ისე, დამტოვებელსაც ყოველთვის ვპოულობ. თუ სადმე ერთად მივდივართ, მაშინ არის საგიჟეთი – დილის 11 საათიდან რომ ვიწყებთ მზადებას, ვთქვათ, ზოოპარკში წასასვლელად, 5 საათისთვის გავდივართ, მერე ან წვიმს, ან რაღაც ხდება და უკან ვბრუნდებით.



Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

ქეთა ლორთქიფანიძე Empty
PostSubject: Re: ქეთა ლორთქიფანიძე   ქეთა ლორთქიფანიძე Icon_minitimeMon Nov 05, 2012 5:49 am

მრავალშვილიანი დედა, ცნობილი მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე ხუთ შვილს ზრდის. 15 წლის თომა, 11 წლის ნინო, 3 წლის თეოდორა, 2 წლის სესილი და 1 წლის იოანე... სამი სამსახური აქვს, "თავისუფალი თეატრი", სერიალი "გოგონა გარეუბნიდან" და სტუდია, რომელიც მეგობრებთან ერთად დააარსა. ასწრებს ყველაფერს და შვილებს ყურადღებას არ აკლებს. გვინდოდა, "რეიტინგის" ფოტოსესია ქეთას ხუთ შვილთან მოგვეწყო, მაგრამ თომა ოთახიდან არ გამოვიდა. როგორც დედამ გვითხრა, ტელევიზიით გამოჩენა არ უყვარს და არც ჟურნალების გვერდებზე ყოფნა მოსწონს. მუსიკალურ სკოლაში სწავლობს, წარმატებული პიანისტია და თავის გამოჩენას მუშაობას ამჯობინებს. ქეთას თავისუფლად შეგვიძლია, გმირი დედა ვუწოდოთ, ამაში ინტერვიუს ჩაწერის დროს არაერთხელ დავრწმუნდი.

- ბავშვობაში, როგორც ყველა, დედაშვილობანას მეც ვთამაშობდი, მაგრამ მაშინ არც მიფიქრია, რომ ოდესმე ბევრი შვილი მეყოლებოდა. თოჯინები და საწოვარა განსაკუთრებულად არ მომწონდა. უფრო ცხოველები მიყვარდა. მაწანწალა ძაღლებს დავდევდი და უპატრონო ლეკვებს ვზრდიდი. მყავდა ყვავი, ხვლიკი, გველი... ხეებზე დავძვრებოდი და ორდროშობანას ვთამაშობდი. ხშირად შტაბებს ვაშენებდი და ამისთვის მშენებლობებიდან საშენ მასალას ვიპარავდი.

- პირველი შვილის დაბადება გაიხსენე...
- 19 წლის ვიყავი, როდესაც თომა გაჩნდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქალისთვის. ეს არის წუთები შენს ცხოვრებაში, როდესაც არაფერი გახსოვს. არც წარსული და არც მომავალი არ გაინტერესებს. იმდენად სავსე და ბედნიერი ვიყავი, რომ როდესაც ბავშვი დავინახე, ვთქვი, "ეს არის ჩემი შვილი". ნინო ოთხი წლის შემდეგ გავაჩინე, დიდი პაუზა მქონდა. ეს უკვე სხვა ოჯახია, რომელიც ახლა მყავს და სამი ბავშვი ერთმანეთს მივაყოლე. "ღამის შოუს" სტუდიაში ხუთი თვის ფეხმძიმე მივედი და იმის შემდეგ სულ ფეხმძიმედ ვიყავი. ამას წინათ ვითვლიდი, რომ "შუა ქალაქის" მხოლოდ ოთხ სერიაში არ ვარ ორსული.

- მრავალშვილიანი დედობის სურვილი ბუნებრივად გაგიჩნდა?
- პირველი მშობიარობის დროს ვთქვი, რომ შვიდი შვილი მინდოდა, მერე ეს გრძნობა განელდა, ხან ისევ მძაფრდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის ასრულება ვერ მოვახერხე, სანამ ეს ოჯახი არ შევქმენი, რომელიც ახლა მაქვს. ახლა ოცნება ნაწილობრივ ავიხდინე, სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ არ შემიწყო ხელი, რომ შვიდამდე ავსულიყავი.

- შვილების გაზრდაში ვინ გეხმარებოდა?
- თომა ისეთ პერიოდში გავაჩინე, როდესაც გაზი და დენი არ იყო, უზარმაზარი რიგები იდგა და მიზერული შემოსავალი გვქონდა. მე სტუდენტი ვიყავი, თან ვმუშაობდი, მაგრამ იმდენად დაბალი ანაზღაურება მქონდა, რომ არაფერზე არ მყოფნიდა. ბავშვს კენგურუში ვსვამდი და ისე დავდიოდი. იშვიათად მივდიოდი სტუმრად. პირველად სამხატვრო აკადემია დავამთავრე და მეგობრები ხშირად დადიოდნენ ლაშქრობაზე, რასაც ყოველთვის ვაცდენდი.

ძიძის აყვანის საშუალებაც არ მქონდა და, ფაქტობრივად, ოთხ წლამდე სულ ერთად ვიყავით. მერე საცხოვრებლად ქუთაისში გადავედი და ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დავიწყე მუშაობა. მალე ნინო გამიჩნდა, თომა თბილისში შევიდა სკოლაში, რადგან მე ისევ ქუთაისში ვმუშაობდი, ერთმანეთს დავშორდით.

- ახლა ალბათ ძიძა გეხმარება?
- დიახ, უკვე მეოთხე ძიძა მყავს, რადგან ამ ბოლო დროს ძალიან დავიტვირთე. თეატრის და "ღამის შოუს" გარდა კიდევ ერთი სამსახური მაქვს. მე, მაია დობორჯგინიძემ და მარიამ ჯოლოგუამ ვალერიან შიუკაშვილის არტ- აკადემიაში თეატრალური სტუდია გავხსენით. ჩემს შვილებს კიდევ ბევრი შვილი დაემატა და უამრავი ბავშვის გარემოცვაში აღმოვჩნდი, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს.

- რომელ საათზე იწყება შენი დილა?
- მიჭირს დილას ადგომა, თუმცა შემიძლია, ღამე პროდუქტიულად ვიმუშაო. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი თერთმეტი საათის შემდეგ დავგეგმო. ამ დროს ძიძა მოდის და თავისუფლად გავდივარ სახლიდან. რვაზეც ვდგები, შვიდზეც და ხანდახან საერთოდ არ ვიძინებ.

- მეუღლე არ გეხმარება?
- უზომოდ, ალბათ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა შემოქმედ ადამიანს ასეთი ხელშეწყობა მაქვს. თუ რაღაც დაგეზარა და სადმე არ წახვედი, მერე უკვე სახელიც გიტყდება და რეჟისორებსაც ავიწყდები. მეუღლე მეუბნება, ასეც არ შეიძლებაო, რადგან იმდენად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რომ რაღაცას თუ ვიტყვი და ვერ შევასრულებ, ნერვიულობისგან შეიძლება სიცხე მომცეს.

- ქეთა, ყველა შვილი ბუნებრივი მშობიარობით გააჩინე?
- არა, სამი პატარა საკეისრო კვეთით... ყველა მეუბნებოდა, მოკვდები, ეს დაგემართება, ის დაგემართებაო, მაგრამ სამივე ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას. საერთოდ, სამი საკეიროს შემდეგ აღარ შეიძლება გაჩენა, მაგრამ რა ვიცი, ღვთის ნებით, თუ დავფეხმძიმდი, აუცილებლად გავაჩენ.

- საღამოს, როდესაც შინ დაღლილი ბრუნდები, შვილები როგორ გხვდებიან?
- ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და მთელ დღეს მათთან ვატარებ. საღამო მიხარია, რადგან იძინებენ (იცინის). როდესაც ვმუშაობ და სახლში დაღლილი მოვდივარ, დივანზე კუთხეში ვჯდები და ერთი აქედან მაცოცდება, მეორე გვერდით ამომიდგება, მესამე თავზე დამაჯდება, თან ნინო რაღაცას მიყვება და ამ დროს ჩემი ენერგიის ბოლო რესურსს ვიყენებ, რომ ამ ყველაფერს ფეხი ავუწყო.

- ფეხმძიმობის შემდეგ ძალიან ადვილად დგები ფორმაში.
- მე ფორმაში ვარ მეცხრე თვეშიც. საოცარია, მაგრამ კიდევ აღმოვაჩინე ჩემნაირი ადამიანები. მთავარია, არ უნდა მოეშვა. როდესაც თავს ფეხმძიმედ კი არა, ავადმყოფად ჩათვლი, ეს არ შეიძლება. ვაიმე, ახლა უნდა დავიძინო, ამას ვერ შევჭამ... ამით უკვე ფორმას კარგავ. მიმაჩნია, რომ ესეც ჩვეულებრივი მდგომარეობაა, უბრალოდ, ცოტა მეტად ბედნიერი ხარ. ყველა ფეხმძიმობაზე ბოლო დღემდე ვმუშაობდი. ოთხშაბათობით გადაღება მქონდა და ხუთშაბათს გაჩნდნენ სესილიც და თეოდორაც. იოანეზე ცოტა რთული ფეხმძიმობა მქონდა და ვიწექი. თან მაშინ არც ვმუშაობდი. "შუა ქალაქიდან" წამოვედი და "გოგონა გარეუბნიდან" ჯერ არ იყო დაწყებული. საერთოდ, ბევრს არ ვჭამ, სულ ვმოძრაობ, რეპეტიციები, სპექტაკლები...

- ამბობენ, რომ მრავალშვილიან ოჯახში სხვანაირი ბავშვები იზრდებიან...
- ყველაზე მეტად, რაც მრავალშვილიანობაში მომწონს, ისაა, რომ ჩემი შვილები გამობრძმედილები არიან ურთიერთობებში. იციან, რომ დედის ყურადღება უნდა მოიპოვონ, იმიტომ რომ ბევრნი არიან, ასევე სათამაშო და თუნდაც ტკბილეული... მიზანდასახულები არიან და პრობლემებს თავად აგვარებენ. დიდები რომ გახდებიან და საზოგადოებაში მოხვდებიან, ადვილად გაიკვლევენ გზას. როდესაც ბავშვი მარტო იზრდება, მთელი ყურადღება მასზეა და ფიქრობს, რომ ასეც უნდა იყოს. ის არ იბრძოლებს, რადგან დაელოდება, თავისი წილი როდის შეხვდება. ეს ჩემი დაკვირვების შედეგია, მე არ ვიცი, ფსიქოლოგები ამას როგორ ახსნიან.

- 11 წლის ნინო თუ უვლის პატარებს?
- ყველანი მზრუნველები არიან. ორი წლის სესილი ერთი წლის იოანეს ბოთლით საჭმელს აჭმევს. როდესაც მარტო ვარ და რაღაცებს ვერ ვასწრებ, ვავალებ, თეოდორა, შენ ეს გააკეთე, სესილი, შენ ეს. სათამაშოებს, რომლებიც შეიძლება, მთელ იატაკზე იყოს მოფენილი, ყველა ერთად ვალაგებთ. როდესაც თეოდორა ტანსაცმელს იხდის, კეცავს და ისე აწყობს, იცის, რომ დედა ერთია და საქმე ბევრი. უნდა, რომ მომეხმაროს. მერე, როცა თავიანთი ოჯახები ექნებათ, აღარ გაუჭირდებათ.

- ქეთა, შენ რამდენი დედმამიშვილი გყავს?
- ერთი ძმა მყავს, 35 წლის ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე "იმედის" თანამშრომელი, პრომოუშენის რეჟისორია. ლევანი ჯერ დაოჯახებულიც არ არის. ვეძებ რძალს (იცინის). მე ვიყოჩაღე და დედა და მამა ხუთი შვილიშვილის ბებია და ბაბუა მარტომ გავხადე.

- ძალიან რთულია ხუთი შვილის კვება, ტანსაცმელის შეძენა...
- გეთანხმებით, ყველაზე რთულია სწავლა. ვცდილობ, ყველა მათგანმა კარგი განათლება მიიღოს. ახლა ვწვალობ. ჩემი ძმა მეხმარება, ასევე დედა და მამა. გარდა ფინანსური დახმარებისა, დედა პიანისტია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი თომას წარმატებაში. ნინო უფრო ჩემკენ არის - ხატავს, თექაზე მუშაობს. საერთოდ, შემოქმედი შვილები მყავს. სესილი და თეოდორა ძალიან კარგად მღერიან. იოანე ჯერ პატარაა, ვნახოთ. იმედი მაქვს, ესენი რომ გაიზრდებიან, უკეთესი მდგომარეობა მექნება.

- ხუთ შვილს ალბათ ძალიან ბევრი ნათლია ეყოლება?
- ყველაზე მეტი ნათლია ნინოს ჰყავს. მსახიობი ევა ხუტუნაშვილი, "ქართული ხმების" დათო კიკაბიძე და ჩვენი მეგობრები... თომა მსახიობმა ვანიჩკა იანტბელიძემ მონათლა, ცნობილ ადამიანებს ვახსენებ მხოლოდ, თორემ საერთოდ ბევრი ნათლია ჰყავთ. სამი პატარა პატრიარქის ნათლულები არიან. იოანეს თანანათლია გოგა ბარბაქაძეა. სამი შვილი მყავს პატრიარქის ნათლული და ამით ყველაზე ამაყი ვარ.

- ეს არის ოჯახი, როგორზეც ოცნებობდი?
- არა, შეიძლება ითქვას, ასეთი ვერც წარმომედგინა. მყავს ხუთი ჯანმრთელი შვილი, ვარ წარმატებული მსახიობი და თან არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, ის რომ არა, ჩემი ბედნიერება სრულფასოვანი არ იქნებოდა. ასევე მეგობრები, რომლებიც ძალიან მავსებენ.

- სერიალი "გოგონა გარეუბნიდან" ისევ გაგრძელდება?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი, რა როგორ განვითარდება. ჩემი გმირი ახალ სერიებში ისევ ოფისში იქნება თუ სოფელში წავა, წარმოდგენა არ მაქვს.

- ბავშვები თუ ესწრებიან შენს სპექტაკლებს?
- ნინო მარტო მოდის "თავისუფალ თეატრში", თომა მაინც უფრო კინოთია გატაცებული. პატარები ტელევიზიით მიყურებენ. სერიალი რომ იწყება, ამბობენ, დედიკოს კინო დაიწყოო, ხალიჩაზე დასხდებიან და ისე უყურებენ. თეოდორა თვითონაც თამაშობდა "შუა ქალაქის" რამდენიმე სერიაში.

- თავისი ჰონორარი ექნებოდა...
- ნინოც თამაშობდა, ოღონდ სპექტაკლში. "თავისუფალ თეატრში" სოხუმის თეატრის დასმა "ირმის უკანასკნელი ბღავილი" დადგა, სადაც პარტნიორობას დიმა ჯაიანსა და ლილი ხურითს უწევდა. უბედნიერესი იყო, თავისი ჰონორარი ჰქონდა. თომა ქუთაისის აკადემიურ თეატრში სპექტაკლ "სამეფო ძველთაძველო"- ში თამაშობდა. მაშინ 4 წლის იყო და თავისი ჰონორარით ბევრ რამეს ყიდულობდა.

- პატარებისთვის რეკლამაში გადაღება არ შემოუთავაზებიათ?
- ძალიან ცუდი რამე უნდა ვთქვა, მრცხვენია, მაგრამ ჩემთვის ზედმეტი ტვირთია, რომ ბავშვი გადაღებაზე ვატარო. ამის დრო აღარ მაქვს, როდესაც აქტიური რეჟიმი მეწყება. დედა მსახიობი იყო და პატარა რომ ვიყავი, ფილმებს ახმოვანებდა. ხშირად მივყავდი თან. მახსოვს, ერთხელ ველოდებოდი და ვიღაც კაცმა გაიარა, ასაკი მკითხა და როდესაც გაიგო, დედა ფილმს ახმოვანებდა და მე ველოდებოდი, შემომთავაზა, მეც გამეხმოვანებინა. გამიხარდა, ეგრევე დედასთან შევედი და ვუთხარი, მაგრამ უარი მითხრა. ძალიან მეწყინა, მაგრამ ახლა რამდენჯერაც უარს ვამბობ, მაშინვე დედა მახსენდება.

- თქვენთან სტუმრები ხშირად მოდიან?
- საერთოდ, ძალიან ბევრი სტუმარი მოდის ჩვენთან. დილას სადილი რომ კეთდება, მალე თავდება და მერე ახალი კეთდება. მეუღლის მეგობრებიც სულ ჩვენთან არიან. ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ამით ქმარიც ბედნიერია, ისეთი ცოლი ვყავარ გვერდით, რომელთანაც მის მეგობრებს მოსვლა უხარიათ. ჩემი ბავშვობა მახსენდება, როდესაც ბაბუასთან თავადი მეგობრები მოდიოდნენ. ჩვენც თავადები ვართ, დარბაისლური სუფრა იშლებოდა და ბავშვებს უფლებას გვაძლევდნენ, ცოტა ხანს დავსწრებოდით, რომ ხალხს შევჩვეოდით. სხვანაირ ხმაზე საუბრობდნენ და საოცარი იყო მათი მოსმენა. იმ პერიოდის დიდი ნოსტალგია მაქვს. ჩვენ კარს არასოდეს ვკეტავთ და ჩემი შვილებიც სტუმრებს ისე უყურებენ, როგორც ოჯახის წევრებს.

Back to top Go down
 
ქეთა ლორთქიფანიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
M U N D O N O V E L A ! :: მსახიობები ( გახსენით თემა თქვენს საყვარელ მსახიობებზე ) :: ქართველი მსახიობები-
Jump to: